როგორ მუშაობს "ფეისბუქის" ცენზურა?

გუშინ, 7 დეკემბერს, "კოოპერატივის" გვერდი "ფეისბუქმა" ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წაშალა. ეს მოყვა ვიდეოს გამოქვეყნებას, რომელიც დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების კრიტიკას შეიცავდა.

შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ გვერდის მიერ "ფეისბუქის" წესების დარღვევა არ ფიქსირდება. აღნიშნულის მიუხედავად, ის წაიშალა.

დღეის მდგომარეობით, გვერდი აღდგენილია. თუმცა, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ მომავალში იგივე არ განმეორდება - ჩვენი ან სხვა გვერდების შემთხვევაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ მუშაობს "ფეისბუქის" ცენზურა.

კომპანიის პრაქტიკის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს. შესაძლებელია, რომ გვერდები კოლექტიური "დარეპორტების" შედეგად ავტომატურად იშლება და ჩვენმა გვერდმაც ეს ბედი გაიზიარა. თუმცა, ხშირად ქართულ "ფეისბუქ" რეპრესიებში ადგილობრივი არასამთავრობოების ხელი ურევია.

სოციალური ქსელის მფლობელი კომპანიის, „მეტას“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ისინი „ფაქტების შემოწმებისთვის“ თანამშრომლობენ „დამოუკიდებელ, IFCN-ის მიერ სერთიფიცირებულ“ ორგანიზაციებთან.[1] მსოფლიოში არსებობს ათეულობით ასეთი ცენზორი, რომლებიც 60-ზე მეტ ენაზე მუშაობენ და „დეზინფორმაციას ებრძვიან“. მათ რიცხვს საქართველოში განეკუთვნება „FactCheck.ge“ და „მითების დეტექტორი“[2].

სანამ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადავიდოდეთ, ვნახოთ, რა არის ხსენებული IFCN და ვინ აფინანსებს მას.

International Fact-Checking Network-ი 2015 წელს დაარსდა, ამერიკული ორგანიზაციის, „პოინტერის ინსტიტუტის“ ინიციატივით.[3] „ფეისბუქის“ ცენზორობის მსურველებს IFCN-ის მიერ გაცემული სერთიფიკატი აუცილებლად სჭირდებათ. სხვაგვარად კომპანია „მეტა“ მათთან არ თანამშრომლობს.

„პოინტერის ინსტიტუტს“ წლების განმავლობაში აქტიურად აფინანსებენ სხვადასხვა ფონდები. მაგალითად, 2017 წელს ამ ორგანიზაციამ ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდიდან“ 300 000$-იანი გრანტი მიიღო.[4] დაფინანსების მიზნებს შორის ინსტიტუტის მიერ ფაქტების გადამოწმების ტექნოლოგიის განვითარება იყო.[5] „პოინტერის ინსტიტუტის“ მხარდამჭერებს შორის გვხვდება ამერიკელი ლიბერტარიანელი მილიარდერების, დეივიდ და ჩარლზ კოხების მიერ დაარსებული Koch Foundations.[6] ეს „პოინტერის ინსტიტუტის“ დაფინანსების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.

ამდენად, „მეტა“, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს კომპანიებს შორისაა, „ფაქტების გადამოწმებისას“ ეყრდნობა ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ძალაუფლების იმავე წყაროდან ფინანსდება.

საქართველოში რომ დავბრუნდეთ, FactCheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პროექტია. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო აშშ-ს ბიუჯეტია, USAID-ისა და NED-ის გავლით.[7]

რაც შეეხება „მითების დეტექტორს“, ის „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) პროექტია, რომელიც, ასევე, დასავლეთიდან ფინანსდება. ამდენად, მსგავსად FactCheck.ge-სა, ეს ორგანიზაციაც საქართველოში უცხო ქვეყნების პირდაპირ ინტერესებს ატარებს. MDF-ის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილია, რომელიც 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებისას „თავისუფლების ინსტიტუტში“ მუშაობდა. მოგვიანებით, 2005-2009 წლებში მას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2010 წელს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე გახდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მსგავსად ეკა გიგაურისა და ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისა, კინწურაშვილი არასამთავრობო სექტორში გადაბარგდა და 2013 წლიდან MDF-ის აღმასრულებელი დირექტორია.[8]

ამდენად, ქართულ ფეისბუქსივრცეში ძალაუფლება ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელ პროდასავლურ ძალებს აქვთ. ეს ძალაუფლება ცენზორებმა შერჩევითად შეიძლება გამოიყენონ; მაგალითად, გამოავლინონ ერთი ტიპის დეზინფორმაცია, მაგრამ თვალები დახუჭონ მეორეზე, საკუთარი იდეოლოგიური გემოვნებით. მიუხედავად „მეტას“ მიერ შემუშავებული ზოგადი წესებისა, რიგ შემთხვევებში კომპანია, მოსაზრებისა და ფაქტების გამიჯვნისას, ცენზორების განსჯის უნარს ენდობა. გარდა ამისა, ცენზორებთან დავა „ფეისბუქის“ რიგითი მომხმარებლისთვის უკიდურესად რთულია. მაგალითად, „მეტას“ წესებით, დეზინფორმაციად მონიშნული პოსტის ავტორმა საკითხი ისევ ცენზორთან უნდა გაასაჩივროს.[9]

ჩვენ შემთხვევაში, "ფეისბუქმა" არც იმის გარანტია მოგვცა, რომ საჩივარს განიხილავდნენ, ან, თუნდაც, გვერდის წაშლის მიზეზს დაასახელებდნენ.

ტექნოკრატიული ავტორიტარიზმი სხვა მეთოდებითაც მოქმედებს. ახლახანს მარკ ცუკერბერგმა აღიარა [05:22], რომ "ფეისბუქს" ე.წ. "ჩრდილოვანი დაბლოკვის" ხერხისთვის მიუმართავს. ამ შემთხვევაში მასალა მისი გამზიარებლის გვერდზე ჩვეულებრივ ჩანს, თუმცა შეზღუდულია მისი გავრცელება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ფეისბუქის" ალგორითმი დაბლოკილ მასალას მომხმარებლების "ნიუს ფიდში" უფრო იშვიათად აჩენს, ვიდრე ეს "ჩრდილოვანი დაბლოკვის" გარეშე მოხდებოდა. ეს ხერხი, ალბათ, კიდევ უფრო მეტად სახიფათოა, რადგან ამგვარ შემთხვევებზე რეაგირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

რომ შევაჯამოთ, ბოლო პერიოდში საბოლოოდ დაიმსხვრა მითი, რომელიც გვარწმუნებდა, რომ სოციალური ქსელები ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას უზრუნველყოფდნენ. როგორც აღმოჩნდა, კაპიტალისტები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის არ კმაყოფილდებიან იმით, რომ „ფეისბუქზე“, საშუალოდ, ყოველი მეხუთე პოსტი დასპონსორებულია (ანუ, გამოხატავს იმათ პოზიციას, ვისაც მეტი ფული აქვს).

საქართველოში დასავლეთის ჰეგემონიის დასასრულებლად, ადრე თუ გვიან, შეიძლება საჭირო გახდეს სოციალური ქსელების რეგულირება, ან ალტერნატიული გზების ძიება.


[1] https://www.facebook.com/journalismproject/programs/third-party-fact-checking

[2] https://www.facebook.com/journalismproject/programs/third-party-fact-checking/partner-map

[3] https://www.poynter.org/ifcn/about-ifcn/

[4] https://www.prnewswire.com/news-releases/13-million-in-grants-from-omidyar-network-open-society-foundations-will-expand-poynters-international-fact-checking-network-300481553.html

[5] იქვე.

[6] https://www.poynter.org/educators-students/2018/poynter-koch-foundation-expand-impact-in-year-two-of-program-for-college-journalists/

[7]https://factcheck.ge/ka/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

[8] https://faculty.iliauni.edu.ge/arts/thamar-kintsurashvili

[9] https://www.facebook.com/business/help/997484867366026