ავტორი: ბესო გვენეტაძე
2017-20 წლებში სხვადასხვა ქართული არასამთავრობოსთვის „სოციალურ“ ვიდეოებს ვიღებდი. გიზიარებთ ამ სამწუხარო გამოცდილებით დანახულ რამდენიმე ზოგად თავისებურებას.
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ავტონომია მინიმალურია. მათი საქმიანობის მიმართულება დონორების მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსებით განისაზღვრება. მაგრამ დონორების კონტროლი გრანტის გაცემით არ წყდება; პირიქით - მაშინ იწყება. „ენჯეოს“ მიერ მომზადებული მასალის (კვლევა, ვიდეო თუ სხვა) დასასრულს გაკეთებული აღნიშვნა, რომ პროექტი არ გამოხატავს ამა თუ იმ ფონდის პოზიციას, როგორც წესი, ფარსია. ეს გასაკვირი არც არავისთვის იქნება, მაგრამ დონორების ჩართულობა გაცილებით დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია.
ფონდები ზედმიწევნით ადევნებენ ხოლმე თვალს პროექტების
მიმდინარეობას, გასცემენ მითითებებს, ერევიან არასამთავრობოების ყოველ ნაბიჯში. მეტიც,
ზოგჯერ მასალის შეთანხმება არა ფონდების ქართულ ფილიალებთან, არამედ აშშ-სა და ევროპის
ცენტრალურ ოფისებთან ხდება და მხოლოდ მათი დასტურის შემდეგ ქვეყნდება. სამართლიანი
იქნება თუ ვიტყვით, რომ ქართულ არასამთავრობოებს, პრაქტიკულად, უცხოური ფონდების ნიღბის
ფუნქცია აქვთ.
ასევე, მიუხედავად ერთმანეთისგან დამოუკიდებლობისა,
დონორები ხშირად შეთანხმებულად მოქმედებენ. ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ სხვა ფონდების
შიდა სამზარეულოს და საკუთარ სტრატეგიასაც შესაბამისად აყალიბებენ. ფონდებს შორის არაფორმალურად
როლებიც გადანაწილებულია: ზოგიერთ მათგანს „უკანასკნელი იმედის ფონდის“ ფუნქცია აქვს
და მათ მაშინ აკითხავენ, როცა ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია ყველგან უარით გაისტუმრეს.
არსებობს „გადაუდებელი“ დაფინანსების მექანიზმებიც, იმ შემთხვევისთვის, როცა დრო არ
ითმენს.
ამ თავისებურებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ იმ ფონდების შესახებ, რომლებიც ქართულ არასამთავრობოებს აფინანსებენ.
ღია საზოგადოების
ფონდი
საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „სოროსის ფონდი“,
ეს ორგანიზაცია საქართველოში 90-იანი წლებიდან აქტიურობს, სხვადასხვა სახელით. თუმცა,
სოროსისა და პოსტსოციალისტური სამყაროს ურთიერთობა უფრო ადრე იწყება.
„1979 წელს, როცა იმაზე მეტი ფული მქონდა, ვიდრე მჭირდებოდა, ორგანიზაცია, სახელად „ღია საზოგადოების ფონდი“ დავაარსე. მას მიზნად დავუსახე დახურული საზოგადოებების გახსნაში წვლილის შეტანა, ღია საზოგადოებების გაძლიერება და კრიტიკული აზროვნების წახალისება. ამ ფონდის საშუალებით მე აქტიურად ჩავერთე საბჭოთა სისტემის დანგრევაში“[1] - ჯორჯ სოროსი
სოროსი გამორჩეულად ანტიმარქსისტია. ამ ცნობიერების მიზეზი,
გარდა კლასობრივი კუთვნილებისა, ევროპელი ფილოსოფოსის, კარლ პოპერის იდეებია. კარლ
პოპერი (1902-1994) ახალგაზრდა სოროსის ლექტორი იყო ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE). ფილოსოფოსის ფუნდამენტური ნაშრომია 1945 წლის წიგნი, „ღია საზოგადოება და მისი მტრები“
(ფონდის სახელიც აქედან მოდის), რომლის მეორე ტომიც მარქსთან პოლემიკაა.
პოპერის აზრით, მარქსი თავის დასკვნამდე არამეცნიერულად
მივიდა, პროლეტარიატის გამარჯვება კი უბრალოდ წინასწარმტყველებაა. პოპერი უპირისპირდება ისტორიული მატერიალიზმის
მეთოდს და სანაცვლოდ გვთავაზობს სამყაროს იდეალისტურ აღქმას, სადაც ნეგატიური „პოლიტიკური
უფლებები“ საზოგადოების განვითარების ქვაკუთხედია.
პოპერისა და სოროსის „ღია საზოგადოება“ აუცილებლად
გულისხმობს კაპიტალისტურ საზოგადოებას. მათი იდეა მსოფლიოს მასშტაბით ლიბერალური დემოკრატიის
გავრცელებაა. ამისათვის კი აუცილებელია ცალკეული ქვეყნების ეკონომიკური და კულტურული
ბარიერების მოშლა.
ამდენად, სოროსისა და კარლ პოპერის იდეოლოგია
უპირისპირდება სოციალიზმს, როგორც „ღია საზოგადოების“ მტერს.
***
ჯორჯ სოროსი უნგრეთში, 1930 წელს დაიბადა. 1947 წლიდან ბრიტანეთში, ხოლო
1956 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც მომდევნო ათწლეულებში მილიარდები იშოვა. „ღია
საზოგადოების ფონდის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ის „ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი
ყველაზე წარმატებული ინვესტორია“[2]. დღეისათვის სოროსის ქონება 6.7 მილიარდი დოლარია,[3] მის მიერ ფონდებისთვის გამოყოფილი
დაფინანსება კი ჯამურად 32 მილიარდ დოლარს აჭარბებს.[4]
რომ შევაჯამოთ, სოროსის საქმიანობა სრულად შეიძლება
არ იხსნებოდეს მისი პირადი გამდიდრების სურვილით (თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ
რაც უფრო ნაკლები ბარიერი ხვდება საერთაშორისო კაპიტალს, მით უფრო მდიდრდებიან ამ კაპიტალის
საბოლოო მფლობელები.). საქმე გვაქვს იდეოლოგიურ პროექტთან, რომელიც სოროსის გარეშეც
ჩვენ გვერდით იქნება.
2017 წელს ბიზნესმენმა
„ღია საზოგადოების ფონდს“ სამომავლო საქმიანობისთვის 18 მილიარდი დოლარი გამოუყო.[5] ეს თანხა მოხმარდება ფონდების, პარტნიორებისა
და პროექტების ქსელს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში.[6]
საინტერესოა, რომ „ღია საზოგადოების ფონდი“ ხშირად
ისეთ პროტესტებსაც აფინანსებს, რომლებიც ბაზარში ჩარევასა და რეგულაციების შემოღებას
ითხოვენ. ნეოლიბერალური სისტემის პირობებში, ერთი შეხედვით, ასეთ პროექტებს მემარცხენე
ელფერი დაჰკრავს, თუმცა საქმე აქ სხვა რამეშია.
ჯორჯ სოროსი „საბაზრო ფუნდამენტალიზმის“ წინააღმდეგაც
გამოდის. თავის 1998 წლის წიგნში, „გლობალური კაპიტალიზმის კრიზისი: ღია საზოგადოება
საფრთხეშია“, ის დანანებით აღნიშნავს, რომ რეიგანისა და ტეტჩერის დროს საბაზრო ფუნდამენტალიზმის
იდეოლოგია აყვავდა და ფინანსურ კაპიტალს წამყვანი როლი მიენიჭა, რითაც დღევანდელი გლობალური
კაპიტალისტური სისტემა სტაბილური აღარაა.[7] თუმცა, ის იქვე ამატებს, რომ „ღია საზოგადოებისა
და საბაზრო ეკონომიკის კონცეფციები მჭიდროდ გადაჯაჭვულია“[8], ხოლო საბაზრო ფუნდამენტალიზმი
ღია საზოგადოების იდეიდან გადახრაა, რაც ამ უკანასკნელს საფრთხეს უქმნის.
ამდენად, როცა „ღია საზოგადოების ფონდი“ სოციალურ
პროტესტებს აფინანსებს, საქმე გვაქვს არა საბაზრო ეკონომიკის შესუსტების, არამედ მისი
გამყარების მცდელობასთან. სოროსის გულწრფელობის სულაც რომ დავიჯეროთ, ისტორია და თეორია
იმაზე მიუთითებს, რომ კაპიტალიზმში საბაზრო ფუნდამენტალიზმი საბაზრო ეკონომიკის გარდაუვალი
შედეგია. ეს პროცესი სხვადასხვა ქვეყანასა თუ ეპოქაში განსხვავებული ფორმითა და სიჩქარით
მიმდინარეობს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერცერთი „ენჯეო“ პროექტი ამას ვერ და არ შეაჩერებს.
დემოკრატიის მხარდაჭერის
ეროვნული ფონდი (NED-ი)
NED-ი 1983 წელს დაარსდა და მისი დაფინანსების წყარო
აშშ-ს მთავრობაა. ფონდის საშუალებით ხდება მთელი მსოფლიოს გარშემო აქტივისტების, მკვლევარებისა
თუ პოლიტიკოსების „ულუფაზე დასმა“.
NED-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ალენ ვაინშტაინმა,
1991 წელს ტრიუმფალურად განაცხადა: „ბევრ რამეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, 25 წლის წინ
ცენტრალური სადაზვერვო ბიურო (CIA) აკეთებდა ფარულად.“[9]
იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა CIA-ს ყოფილმა
აგენტმა, ფილიპ ეიჯიმ 1995 წლის ინტერვიუში.[10]
ორგანიზაციის ვებგვერდზე რონალდ რეიგანის 1983 წლის ვიდეო გვეგებება[11], სადაც იგი NED-ის დაფუძნებას აანონსებს: „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“ იქნება კერძო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკის კონგრესი დააფინანსებს“ და მხარს დაუჭერს ყველას, ვინც მსოფლიოს გარშემო „თავისუფლებისთვის იბრძვის“. დღეისათვის NED-ი ყოველწლიურად 2000-ზე მეტ გრანტს გასცემს 100-ზე მეტ ქვეყანაში[12], მათ შორის, საქართველოში.
NED-ის ყალიბზე 2013 წელს
შეიქმნა EED („ევროპის დემოკრატიის ფონდი“),
რომელიც „მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პროდემოკრატიულ მოძრაობებს,
სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს, დამოუკიდებელ მედია პლატფორმებს და ჟურნალისტებს,
რომლებიც მუშაობენ პლურალისტური, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის დასამკვიდრებლად.“[13]
ამერიკის შეერთებული
შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID-ი)
USAID-ს საქართველოში, ამერიკულ ფონდებს შორის, ყველაზე
ღრმად აქვს ფესვები გადგმული. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს ენერგოპოლიტიკას, სოფლის
მეურნეობის პროგრამებს, ინტელექტუალურ საკუთრებას და უამრავ სხვა დარგს.
USAID-ი, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოს
100-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობს და მისი ყოველწლიური ბიუჯეტი დღეისათვის 27 მილიარდ
დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება საქართველოს, ფონდის განცხადებით, 1992 წლიდან დღემდე
ჩვენს ქვეყანაში 1.8 მილიარდი დოლარი დახარჯა, ახლა კი წელიწადში დაახლოებით 50 მილიონ
დოლარს გამოყოფს სხვადასხვა პროგრამისთვის. USAID-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „ეს პროგრამები
მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე და დასავლეთზე
ორიენტირებულ განვითარებას.“[14]
მსგავსად სოროსის ფონდისა, USAID-ი საქართველოში დიდი ბიუროკრატიითაა წარმოდგენილი.
ფონდში არსებობს შიდა პროგრამები და სხვადასხვა დეპარტამენტები, რომლებიც ცალკეულ მიმართულებებს
კურირებენ. ორგანიზაციას კავშირი აქვს სამთავრობო
სტრუქტურებთან, უტარებს მათ გადამზადების ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებით ხვდება მმართველ
წრეებს.
USAID-ი საქართველოში აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია.
გერმანიის მთავრობის
ფონდები
გერმანიის შემთხვევა იმითაა განსხვავებული, რომ,
ნაცვლად ცენტრალიზებული სისტემისა, ფონდები პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებული. ფედერალურ დონეზე არსებობს შვიდი ასეთი ფონდი.
მაგალითისთვის, „ჰაინრიხ ბიოლის ფონდი“ გერმანიის
მწვანეთა პარტიასთანაა აფილირებული, „ფრიდრიხ ებერტის ფონდი“ – „სოციალ-დემოკრატიულ
პარტიასთან“ (რომელმაც გადაწყვიტა, რომ ფონდისთვის როზა ლუქსემბურგის მკვლელობაზე პოლიტიკურად
პასუხისმგებელი პირის სახელი დაერქმია). თავის მხრივ, „როზა ლუქსემბურგის ფონდი“ კავშირშია
Die Linke-სთან (მემარცხენე პარტიასთან).
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ ასოცირებულია „თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან“, ხოლო
„კონრად ადენაუერის ფონდი“ – „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“.
თითოეული ეს ფონდი (და კიდევ ორი, რომელიც საქართველოში
აქტიურობით არ გამოირჩევა) ფორმალურად დამოუკიდებელია, თუმცა, მათი კავშირი პოლიტიკურ
პარტიებთან ცხადია და ისინი გერმანიის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
გერმანული მოდელის მსგავსი პრინციპით შეიქმნა
ორი ამერიკული ორგანიზაცია - „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI),
რომელიც კვლევებით გვანებივრებს. ეს ორგანიზაციებიც აშშ-ს ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.[15]
***
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, საქართველოში გვხვდება
შვედეთის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის სამთავრობო დაფინანსება. დიდი წარმომადგენლობა
ჰყავს „ევროკავშირის მისიას საქართველოში“. იქვეა აშშ-ს საელჩოს მცირე გრანტები, გაეროს სხვადასხვა ქვედანაყოფის პროგრამები და კიდევ უთვალავი სხვა.
უცხო ქვეყნების გავლენის გავრცელების ეს მოდელი
„რბილი ძალის“ ერთ-ერთი ფორმაა და ისტორიულად ახალი ფენომენია. შესაძლებელია, რომ მომავალში
დაფინანსების ფორმამ სახე იცვალოს, გახდეს უფრო ფარული ან მრავალფეროვანი. ცვლილებებთან
ერთად, ფონდების საქმიანობაზე მუდმივი დაკვირვება და შესაბამისი ანალიზი იქნება საჭირო.
[1]
George Soros, The Crisis Of Global Capitalism: Open Society Endangered, 1998,
PublicAffairs, New York,
Preface, x
[3] https://www.forbes.com/profile/george-soros/?sh=3c408e212024, 2022 წლის 28 ნოემბრის მონაცემი
[5] იქვე.
[7] Ibid, Introduction, xx
[8] Ibid, xxii
[9] INNOCENCE
ABROAD: THE NEW WORLD OF SPYLESS COUPS, David Ignatius, The Washington Post, 22 სექტემბერი, 1991, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.washingtonpost.com/archive/opinions/1991/09/22/innocence-abroad-the-new-world-of-spyless-coups/92bb989a-de6e-4bb8-99b9-462c76b59a16/
[10] Philip Agee on the
National Endowment for Democracy, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=pXFuB6QkeJY
[12] იქვე.
[13] როგორ
ეხმარება ევროკავშირი მედიას აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა
და უკრაინაში?, 7 მაისი,
2020, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://euneighbourseast.eu/ka/news/explainers/rogor-ekhmareba-evrokavshiri-medias-azerbaijanshi-belarusshi-moldovashi-sakharthveloshi-somkhethsa-da-ukrainashi/