აფრიკული პანორამა ახალი ეპოქის გარიჟრაჟზე

მარცხნიდან მარჯვნივ: ერიტრეის, ბურკინა-ფასოსა და მალის პრეზიდენტები. პოსტერი ცენტრში: ავტორი: გიგლა ფირცხალავა, რედაქტორი: გიორგი გორდელაძე, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1960

ავტორი: ბესო გვენეტაძე 

„როცა აფრიკა გახდება ეკონომიკურად თავისუფალი და პოლიტიკურად ერთიანი, მონოპოლისტები პირისპირ დარჩებიან საკუთარი ქვეყნების მუშათა კლასთან, წარმოიქმნება ახალი ბრძოლა, რითაც დაგვირგვინდება იმპერიალიზმის ჩამოშლა და მოსპობა“ - კვამე ნკრუმა, 1965

ბოლო ორ წელიწადში ცენტრალური აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ერთიმეორის მიყოლებით ხელისუფლებაში მოვიდნენ ანტიკოლონიური პოზიციების მქონე ძალები.

შედეგად, საჰელის ზონის ძირითად პერიმეტრზე დასავლეთის კონტროლი შესუსტდა. ეს რეგიონი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის, ურანით, რომელსაც ევროპული ატომური სადგურები მოიხმარენ. მაგალითად, საფრანგეთის ელექტროენერგიის დაახლოებით 70%-ს ატომური სადგურები გამოიმუშავებენ. ნიგერი მათი ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია (18%-იანი წილი 2005-2020 წლებში).

ქვემოთ (მოკლედ და არასრულად) მიმოხილულია აფრიკაში განვითარებული მოვლენები, რომლებსაც პირდაპირი გავლენა აქვს მსოფლიო პოლიტიკაზე და, შესაბამისად, საქართველოზე.

ბურკინა-ფასო

„ბურკინა-ფასო“ ქართულ პოლიტიკურ წრეებში მეტაფორაა და ჩამორჩენილობას, სისუსტეს აღნიშნავს. ეს მეტაფორა არ იტევს დასავლეთის მიერ აფრიკის მრავალსაუკუნოვანი ექსპლუატაციისა და რესურსების მითვისების ისტორიას. ეს ისტორიაა გადმოცემული უოლტერ როდნის 1972 წლის წიგნში - „როგორ ჩამოარჩინა ევროპამ აფრიკა“.

აფრიკის კოლონიზაციის ძირითად, ფორმალურ ფაზად შეგვიძლია მივიჩნიოთ მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნა, როცა ევროპელებმა კონტინენტი გადაინაწილეს.

დასავლური იმპერიალიზმის შედეგი: აფრიკა 1880 და 1913 წლებში, CC BY-SA 4.0

აფრიკის დეკოლონიზაცია, ანუ, დამპყრობლებისგან გათავისუფლება ძირითადად II მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს მხარს აქტიურად უჭერდა სოციალისტური ბლოკი საბჭოთა კავშირის ლიდერობით.

შემდეგ კოლონიალიზმი ნეოკოლონიალიზმმა ჩაანაცვლა. მიუხედავად ფორმალური დამოუკიდებლობისა, დღეს აფრიკის ქვეყნების დიდი ნაწილი დასავლეთის ნეოკოლონიაა. ამაზე განას პირველი პრეზიდენტი - დასაწყისში მოყვანილი ციტატის ავტორი - კვამე ნკრუმა წერდა თავის 1965 წლის წიგნში - „ნეოკოლონიალიზმი - იმპერიალიზმის უმაღლესი სტადია“. ნეოკოლონიალიზმი გამოიხატება პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური დამოკიდებულებით, ექსპორტის სტრუქტურით.

ბურკინა-ფასოს ექსპორტი 2019 წელს, წყარო: oec.world

2020 და 2021 წლებში ბურკინა-ფასოში მოპოვებული ოქროს 80%-მდე შვეიცარიაში გაიგზავნა. საუბარია მილიარდობით დოლარის ღირებულების ძვირფას მეტალზე, რაც ქვეყანას მსოფლიოში ოქროს ერთ-ერთ მოწინავე ექსპორტიორად აქცევს. თუმცა, ამ ექსპორტით დასავლური კომპანიები უფრო ხეირობენ, ვიდრე ბურკინა-ფასო. 

პარალელურად, ბოლო წლებში გამწვავდა კონფლიქტი ისლამისტურ დაჯგუფებებთან. საქმე განსაკუთრებით გართულდა 2011 წელს, ნატოს მონაწილეობით მუამარ კადაფის გადაგდების შემდეგ. უკონტროლოდ დარჩენილი ლიბია ისლამისტების პლაცდარმი გახდა, რამაც ქვეყნის სამხრეთელი მეზობლები შეაწუხა.

ასეთ კონტექსტში მოხდა ბურკინა-ფასოში სახელმწიფო გადატრიალება 2022 წელს, ჯერ იანვარში, შემდეგ - სექტემბერში. ამ უკანასკნელი პუტჩის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოვიდა 34 წლის იბრაჰიმ ტრაორე, რომელიც ტომას სანკარას ალი-კვალია.

„შეკითხვა, რომელსაც ჩემი თაობა საკუთარ თავს უსვამს, შემდეგია: როგორ ხდება, რომ აფრიკა, რომელსაც ამდენი სიმდიდრე გააჩნია, ბუნება, წყალი და მზე უხვად აქვს, დღეს ყველაზე ღარიბი კონტინენტია?“ - იბრაჰიმ ტრაორე

წლის დასაწყისში ბურკინა-ფასოდან ფრანგული ჯარები გააძევეს. 2022 წელს იგივე გააკეთა ბურკინა-ფასოს მეზობელმა, მალიმ, რომელმაც საფრანგეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებიც აკრძალა. საფრანგეთს, კონტინენტის ყოფილ კოლონიზატორს, საჯარისო შენაერთები სხვა აფრიკულ ქვეყნებშიც ჰყავს, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით. მათ რიგებში ქართველი დაქირავებული მებრძოლებიც მსახურობენ.

ნიგერი

აფრიკაში ყველაზე ახალი გადატრიალება ნიგერში მოხდა, სულ რამდენიმე დღის წინ. პუტჩის ხელმძღვანელი აბდურაჰმან ჩიანია, რომელმაც 28 ივლისს თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. იგი სამხედრო პირია და 2011 წლიდან გადატრიალებამდე პრეზიდენტის დაცვას მეთაურობდა. პარალელურად, ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში გაიმართა პუტჩის მხარდასაჭერი გამოსვლებიც, სადაც რუსეთის დროშებიც მრავლად იყო.

პასუხად, ევროკავშირმა და აშშ-მ ნიგერთან „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თანამშრომლობა“ შეაჩერეს და მოითხოვეს გადაგდებული პრეზიდენტის, მათი მოკავშირე მოჰამედ ბაზუმის პოსტზე აღდგენა. ამ უკანასკნელმა 3 აგვისტოს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ს დახმარებას სთხოვს:

„პუტჩისტები ცრუობენ, რომ ნიგერის უსაფრთხოების დასაცავად იმოქმედეს. ისინი ბრალს გვდებენ, რომ ჯიჰადისტი ტერორისტების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა არაეფექტურია, ხოლო ჩემმა ეკონომიკურმა და სოციალურმა პოლიტიკამ, აშშ-სთან და ევროპასთან თანამშრომლობის ჩათვლით, ნიგერს ზიანი მოუტანა.

სინამდვილეში, ნიგერის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო იმ თანამშრომლობამ, რომელსაც ხუნტა ეწინააღმდეგება. უცხოური დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტის 40%-ს შეადგენს, ხოლო მას აღარ გადმოგვირიცხავენ, თუკი გადატრიალება შედგება.

[...] მარტში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნიგერს „გამძლეობის, დემოკრატიისა და თანამშრომლობის მოდელი“ უწოდა. ჩვენ ეს იმპულსი არ უნდა დავკარგოთ.“ - მოჰამედ ბაზუმი

ნიგერს დაუპირისპირდა „დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობაც“ (ECOWAS), რომელიც დღეს პროდასავლური რეგიონალური ორგანიზაციაა. მან ქვეყანას „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“ ერთკვირიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალის გამოყენება არ გამორიცხა. ორგანიზაციის წევრმა სენეგალმა მზადყოფნა გამოთქვა შესაძლო სამხედრო ინტერვენციაში მონაწილეობის მისაღებად.

როდესაც გამბიის პრეზიდენტმა, იაჰია ჯამემ არჩევნების შემდეგ პოსტის დატოვებაზე უარი თქვა, 2017 წელს ECOWAS-მა მის ქვეყანაში ჯარები შეიყვანა.

ნიგერისათვის მიცემული ერთკვირიანი ვადა დღეს, 6 აგვისტოს იწურება.

მეორე მხრივ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს ბურკინა-ფასომ და მალიმ, სადაც აღნიშნულია, რომ ნიგერზე თავდასხმას საკუთარ ქვეყნებზე ომის გამოცხადებად აღიქვამენ და საპასუხო ზომებს მიიღებენ. რეგიონალურ ორგანიზაციას დაუპირისპირდა გვინეაც და მას სამხედრო ჩარევისგან თავის შეკავება ურჩია. სამივე ქვეყნის ხელისუფლებაში ანტიდასავლური ძალები არიან, რომლებიც, ნიგერის ხუნტის მსგავსად, ძალაუფლებაში პუტჩით მოვიდნენ.

ნიგერისადმი მალის, ბურკინა-ფასოს, გვინეისა და სხვა ქვეყნების სოლიდარობას მომავალში ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მაგალითისთვის, პერიფერიის ნაცადი ხერხია სასაქონლო კარტელის შექმნა, რაც გულისხმობს გარკვეული რესურსებით მდიდარი ქვეყნების ერთმანეთში შეთანხმებას წარმოების მოცულობასა და ფასებზე, შემოსავლის გაზრდის მიზნით. ასეთი კარტელის ცნობილი ნიმუშია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (ოპეკი), რომელიც 60-იანი წლებიდან არსებობს. 1973 წელს არაბული სახელმწიფოების კარტელმა დასავლეთში ნავთობის კრიზისი გამოიწვია. დღეს საუბარია ლათინურ ამერიკაში ლითიუმის კარტელის შექმნაზე ბოლივიის, არგენტინისა და ჩილეს მონაწილეობით.

რთული სათქმელია, როგორ განვითარდება პროცესები ნიგერში. გამორიცხული არაა, რომ იქ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტი ვიხილოთ. მდგომარეობა დაძაბულია.

ერიტრეა

ეს ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოა. იტალიისა და ბრიტანეთის ყოფილმა კოლონიამ დამოუკიდებლობა, საბოლო ჯამში, 90-იან წლებში მოიპოვა, მეზობელი ეთიოპიისგან გამოყოფით.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ერიტრეაში ძლიერ ცენტრალიზებული, ტოტალიტარული რეჟიმია პრეზიდენტ ისაიას აფევერკის კონტროლით.“

აფევერკი 60-იან წლებში „ერიტრეის განთავისუფლების ფრონტის“ წევრი გახდა, რომელსაც შემდეგ გამოეყო და 70-იან წლებში „ერიტრეის განთავისუფლების სახალხო ფრონტი“ დააარსა. ამავე პერიოდში, მაოს კულტურული რევოლუციისას, აფევერკიმ გადამზადება გაიარა ჩინეთში.

ისაიას აფევერკი მაოს ჩინეთში (ზედა რიგში, მარცხნიდან მეხუთე)

საბოლოოდ, აფევერკის ორგანიზაციის ეგიდით ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა. მას შემდეგ იგი ერიტრეის პრეზიდენტია.

დასავლეთისგან სანქცირებული ერიტრეა მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოა შემოსავლის მხრივ. აფევერკი დოლარის დომინაციას აკრიტიკებს და ალტერნატიული ფინანსური არქიტექტურის შექმნის ინიციატივით გამოდის:

„ისინი [დასავლეთის ქვეყნები] არაფერს აწარმოებენ, უბრალოდ ფულს ბეჭდავენ. ეს მათი ერთ-ერთი იარაღია - გლობალური მონეტარული სისტემა, სადაც დოლარი და ევრო დომინირებს. სანქციები, ანგარიშების დაბლოკვა მათი ერთ-ერთი მეთოდია. ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი გლობალური ფინანსური არქიტექტურა, სადაც დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები ვერ იბატონებენ.“ - ისაიას აფევერკი
___

ერიტრეაში პრობლემები აქვთ იეჰოვას მოწმეებს. 1994 წელს მათ მოქალაქეობა ჩამოართვეს იმ საფუძვლით, რომ - საკუთარი წესების შესაბამისად - უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურსა და არჩევნებში მონაწილეობაზე.

უგანდა 

1986 წლიდან უგანდის პრეზიდენტი იოვერი მუსევენია. მისი ქვეყანა 60-იან წლებამდე გაერთიანებული სამეფოს კოლონია იყო. მომავალი პრეზიდენტი ახალგაზრდობაში ტანზანიაში, დარ-ეს-სალამის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მისი მენტორი გაიანელი მარქსისტი, ზემოთ ნახსენები უოლტერ როდნი იყო. როდნისთან და მუსევენისთან ამხანაგობდა ისსა შივჯიც, რომელიც დღეს გამორჩეული ტანზანიელი აკადემიკოსია (და მუსევენის კრიტიკოსიც).

მუსევენის საუნივერსიტეტო თეზისი ფრანც ფანონზეა, სათაურით - „ფანონის ძალადობის თეორია: მისი შემოწმება გათავისუფლებულ მოზამბიკში“. 70-იან და 80-იან წლებში უგანდის მომავალი პრეზიდენტი შეიარაღებულ ბრძოლებში მონაწილეობდა. მუსევენის მხარდამხარ იბრძოდა რუანდის ახლანდელი ლიდერი, პოლ კაგამე.

დამოუკიდებლობიდან დღემდე უგანდის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. თუმცა, მასში ძირითადი ადგილი სოფლის მეურნეობას უჭირავს. ქვეყნის ძირითადი საექსპორტო საქონელი ყავა და შაქარია.

გასულ წელს უგანდაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია იტალიური კომპანიის გამოჩენამ, რომელსაც იქ ყავის გადამამუშავებელი საწარმო უნდა აეშენებინა. მუსევენის მთავრობამ კომპანიას საგადასახადო შეღავათები და სხვა ხელსაყრელი პირობები შესთავაზა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შემდეგნაირად დაასაბუთა:

„აფრიკიდან ნედლეულის ექსპორტი მონობის ახალი ფორმაა. დღეს ჩვენს ფერმერებს ატყუებენ, რადგან ჩვენი ყავისგან ყველაზე დიდ სარგებელს უცხოური კომპანიები იღებენ, რომლებიც მისი მოხალვით, დაფქვითა და დაფასოებით არიან დაკავებულები.“ - იოვერი მუსევერი

ერთი მონაცემით, დიდ ბრიტანეთში 2.50 ფუნტად გაყიდული ჭიქა ყავიდან მხოლოდ 1 პენსი მიდის ფერმერთან, რომელმაც ყავა მოიყვანა. ახლახანს გამართულ რუსეთ-აფრიკის სამიტზე უგანდის პრეზიდენტმა შემდეგი მონაცემები წარმოადგინა: მსოფლიო ყავის ბიზნესის ღირებულება 460 მილიარდი დოლარია, საიდანაც ყავის მწარმოებელ ქვეყნებში ჯამურად 25 მილიარდი მიდის, აფრიკაში კი - მხოლოდ 2.4 მილიარდი; ეს მაშინ, როცა - მისი თქმით - გერმანია (სადაც ყავა არ ხარობს) ბაზრის წილიდან 6.85 მილიარდს იღებს, აფრიკის მთლიან კონტინენტზე მეტს.

მონაცემების წარმოდგენის შემდეგ მუსევერი ბურკინა-ფასოს პრეზიდენტისკენ, ზემოხსენებული იბრაჰიმ ტრაორესკენ იხედება და ამბობს: „ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა ბურკინა-ფასოდან იკითხა, თუ სად არის პრობლემის სათავე. მის კითხვაზე პასუხი სწორედ აქაა.“

ამ საკითხს ეხება პრებიშ-ზინგერის თეზისი, რომელიც 1940-იანი წლების ბოლოს შეიმუშავეს არგენტინელმა ეკონომისტმა, რაულ პრებიშმა და გერმანელ-ბრიტანელმა ეკონომისტმა, ჰანს ზინგერმა. ისინი ასაბუთებენ, რომ ნედლეულის ექსპორტიორ ქვეყანასა და სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელ ქვეყანას შორის უთანასწორობის მიზეზი მათი ეკონომიკების სტრუქტურაშია. ამით ეკონომისტები ეჭვქვეშ აყენებენ დეივიდ რიკარდოს შეფარდებითი უპირატესობის თეორიის გამოსადეგობას ლათინური ამერიკისა და, ზოგადად, განვითარებადი სახელმწიფოების კონტექსტში.

პრებიშ-ზინგერის თეზისი მიუთითებს სამრეწველო პროდუქციის ფასის მაღალ ელასტიურობაზე პირველადი მოხმარების საქონელთან შედარებით: შემოსავლის გაზრდასთან ერთად სამრეწველო პროდუქციაზე (მაგალითად, ავტომობილზე) მოთხოვნა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე პირველადი მოხმარების საქონელზე (მაგალითად, პურზე; რადგან ამ უკანასკნელზე მოთხოვნა შემოსავლის გაზრდამდეც არსებობდა). პარალელურად, პირველადი მოხმარების საქონელი ფასის დაბალი ელასტიურობით ხასიათდება: მასზე ფასის შემცირება შემოსავალს ამცირებს (რადგან ფასის შემცირება გაყიდვების არსებითად გაზრდას არ იწვევს).

ამასთან, ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყნისთვის ყოველი ახალი ერთეული ნედლეულის მოპოვება უფრო და უფრო რთული და ძვირია (მაგალითად, მაღაროს შახტი უფრო ღრმად უნდა გაიჭრას; მარაგის ამოწურვის შემდეგ ჩნდება ახალი საბადოების ძიებისა და კვლევის ხარჯები).

ამდენად, განვითარების გასაღები გადამამუშავებელი საწარმოების შექმნაა, რითაც დამატებითი ღირებულება ადგილზე, ნედლეულის მწარმოებელ ქვეყანაშივე იქმნება.

„დღეს [იმპერიალიზმს] ასულდგმულებს ლათინურ ამერიკაზე ბატონობა - უთანასწორო ვაჭრობა ნედლეულისა და სამრეწველო პროდუქციის გაცვლის სახით. [...] თუ ეს ყველაფერი შეიცვლება, იმპერიალიზმი ძალას დაკარგავს. მაშინ მას მოუწევს, იგემოს კაპიტალიზმის ზოგადი კრიზისი საკუთარი მუშათა კლასის მონაწილეობით, რომელიც დღესაც დაჩაგრულია, მაგრამ რომლის ჩაგვრაც განელებულია ლათინოამერიკის, აფრიკისა და აზიის ექსპლუატაციით.“ - ერნესტო გევარა, 22 თებერვალი, 1964
___ 

უკანასკნელ წლებში უგანდა საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიღებული კანონების გამოა. CNN-თან ინტერვიუში მუსევენი ამბობს, რომ ჰომოსექსუალიზმი აფრიკული კულტურისთვის მიუღებელია.

„პატივი ეცით აფრიკულ საზოგადოებებსა და მათ ღირებულებებს. [...] თუ რამე გვეშლება, ამას თავადვე მივხვდებით.“ - იოვერი მუსევენი

მუსევენის თქმით, ის მზად იყო, საკითხი სხვაგვარად განეხილა იმ შემთხვევაში, თუკი იარსებებდა მტკიცებულება, რომ ადამიანები ჰომოსექსუალებად იბადებიან, თუმცა „ასეთი მტკიცებულება არ არსებობს“. ამ თემაზე 2019 წელს მასშტაბური კვლევა გამოქვეყნდა.
___ 

აფრიკაში მიმდინარე მოვლენები არ უნდა განვიხილოთ როგორც განცალკევებული მოვლენების გროვა. დიალექტიკური მიდგომა გვკარნახობს, რომ, ზოგადად, პერიფერიაში ანტიიმპერიალისტური პოლიტიკის გატარების შედეგი, იქ საწარმოო ძალების განვითარებასთან ერთად, ცენტრის რეპროლეტარიზაცია შეიძლება იყოს.

კომუნისტურ მანიფესტოში (1848) დეკოლონიზაციას ნაკლები ადგილი ეთმობა. ივარაუდებოდა, რომ ამ საკითხს დასავლეთში კარს მომდგარი პროლეტარული რევოლუცია გადაჭრიდა. მეტიც, მარქსის ადრეულ ნაშრომებში კოლონიზაცია დადებითადაა წარმოჩენილი, როგორც საწარმოო ძალების განვითარების ხელშემწყობი მოვლენა (იხ: „ბრიტანეთის ბატონობა ინდოეთში“, 10 ივნისი, 1853; „მომავალი შედეგები ბრიტანეთის ბატონობისა ინდოეთში“, 22 ივლისი, 1853). პოსტკოლონიური კრიტიკული თეორია მარქსის აღნიშნულ ნაშრომებს ხშირად თითზე იხვევს და მარქსიზმს მესამე სამყაროსთვის გამოუსადეგარად აცხადებს. ასეთი კრიტიკა მარქსიზმის (და მარქსის) არასრული და ვულგარული გაგებაა.

საწარმოო ძალების განვითარებით გაამართლა იმპერიალიზმთან თანამშრომლობა „ძალად-მარქსისტმა“ ნოე ჟორდანიამ 1920 წელს:

„ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ. ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს (ხანგრძლივი ტაში).

ბატონებო, ნუ დაგავიწყდებათ მეცნიერების ანბანი, ნუ დავანებებთ ვინმეს ფრაზებით გაგვაყრუოს და დავთარი დაგვიბნიოს. ხოლო ანბანია ის, რომ მუშა ხალხი მთელს თავის იმედს ამყარებს კულტურაზე და არა ბარბაროსობაზე. ის მემკვიდრეა კაპიტალისტური წყობილების და არა აზიური კარჩაკეტილობის. ის სიმდიდრე, რაც მან შექმნა იმპერიალისტების ხელმძღვანელობით, უნდა გადავიდეს მის სრულ განკარგულებაში.“

ნოე ჟორდანიას არ უნდა, დაინახოს, რომ იმპერიალისტური ბურჟუაზია პერიფერიაში იგივე ფუნქციას არ ასრულებს, რასაც ცენტრში ასრულებდა აღმავალი ფაზისას. ჟორდანიასა და სხვა მეორე ინტერნაციონელების მიდგომის კრიტიკას გვაძლევს ეგვიპტელ-ფრანგი თეორეტიკოსი სამირ ამინი:

„მეორე ინტერნაციონალის „მუშისტი“ და ევროცენტრული მარქსიზმი, მსგავსად იმ ეპოქის დომინანტი იდეოლოგიისა, იზიარებდა ისტორიის სწორხაზოვანი განვითარების მოდელს, სადაც ყველა საზოგადოებამ კაპიტალისტური განვითარების ეტაპი უნდა გაიაროს, რომლის საფუძველსაც (ამ გაგებით „ისტორიულად პოზიტიური“) კოლონიზაცია ქმნიდა, რაც შემდეგ სოციალიზმისკენ სწრაფვას შესაძლებელს გახდიდა. ამგვარი მარქსიზმისთვის სრულიად უცხო იყო აზრი, რომ ერთის (დომინანტი ცენტრების) „განვითარება“ და მეორის (დომინირებული პერიფერიების) „განუვითარებლობა“ განუყოფელია, როგორც ერთი მონეტის ორი მხარე, როგორც კაპიტალიზმის მსოფლიო ექსპანსიის გარდაუვალი შედეგი.“

ციტატის პირველი ნაწილი ცალკე დისკუსიის საგანია. რაც შეეხება კოლონიალიზმს, „კომუნისტური მანიფესტოს“ შემდეგ მისდამი მარქსის მიდგომა თანდათანობით შეიცვალა. ენგელსისადმი 1858 წლის 8 ოქტომბერს მიწერილ წერილში ვხვდებით საკითხის დასმას:

„რთული შეკითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, შემდეგია: [ევროპის] კონტინენტზე რევოლუცია მოახლოებულია და მას თავიდანვე სოციალისტური ხასიათი ექნება. თუმცა, გარდაუვალი ხომ არაა მისი მარცხი დედამიწის ამ პატარა კუნჭულში მაშინ, როცა ბევრად უფრო დიდ ტერიტორიაზე ბურჟუაზია აღმავალ ფაზაშია?“

მოგვიანებით მარქსი გადაიაზრებს ბრიტანეთის მაშინდელი კოლონიის, ირლანდიის საკითხს და მის გათავისუფლებას ინგლისის რევოლუციის ერთ-ერთ საყრდენ წერტილად წარმოაჩენს:

„დიდი ხნის განმავლობაში მჯეროდა, რომ ირლანდიური რეჟიმის შეცვლას ინგლისელი მუშათა კლასის აღმასვლა მოახერხებდა. [...] საკითხის უფრო სიღრმისეულმა გამოკვლევამ ახლა საპირისპიროში დამარწმუნა. ინგლისელი მუშათა კლასი ვერასოდეს მიაღწევს ვერაფერს მანამ, სანამ ირლანდიას არ ჩამოიშორებს. ბერკეტი ირლანდიაზე უნდა გამოვიყენოთ. ამიტომაა ირლანდიის საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი სოციალური მოძრაობისთვის ზოგადად.“ - მარქსის წერილი ენგელსისადმი, 10 დეკემბერი, 1869
___ 

დღეს ჩვენში ნაკლები ყურადღება ეთმობა ლათინური ამერიკის, აზიისა და, განსაკუთრებით, აფრიკის კონტინენტს. არადა, იქ განვითარებული პროცესები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩრდილოეთის ქვეყნების ამბები - თუ უფრო მეტად არა.

აფრიკა მომავლის ბრძოლების ერთ-ერთი ეპიცენტრი იქნება. დროა, მას ჩვენი მზერა მივაპყროთ.