2022 წლის 23 მარტს ვაკანსიების ვებგვერდზე, Jobs.ge-ზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელმაც, გადაჭარბების
გარეშე, საქართველოს ბედი შეიძლება შეცვალოს.
მოდით, ამ ამბავს ცოტა შორიდან მოვუაროთ, მაგრამ დასაწყისშივე მკაფიოდ ვთქვათ შემდეგი: „ტრენინგი ახალბედა და გამოცდილი სამოქალაქო აქტივისტებისთვის“ უნდა აღვიქვათ, როგორც „მიშას თაობის“ გადამზადება, რათა მათ, ნაციონალურ მოძრაობასთან ტანდემში, მორიგი ფერადი რევოლუცია მოაწყონ.
NED-ი და მისი მსგავსი ორგანიზაციები ფუნქციურად
CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო)
ქვედანაყოფებია. მათი მიზანია, აშშ-ს ოპერაციები შეინიღბოს, რათა ინფორმაციის გასკდომის
შემთხვევაში სკანდალი ნაკლებად ატყდეს. NED-ის თანადამფუძნებელმა,
ალენ ვაინშტაინმა 1991 წელს საკუთარი პირით აღიარა, რომ „ბევრ რამეს, რასაც დღეს
ჩვენ ვაკეთებთ, 25 წლის წინ CIA აკეთებდა ფარულად“.
ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ NED-ის ფუნქცია უცვლელი დარჩა: ძირი გამოუთხაროს აშშ-სათვის
არასასურველ მთავრობებს. აქ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ იმპერიალიზმისთვის ნაკლები
მნიშვნელობა აქვს, ესა თუ ის ხელისუფლება სოციალისტურია, თუ არა. კაპიტალის ექსპანსიისთვის
ნებისმიერი დაბრკოლება უნდა განადგურდეს; არ უნდა შეიქმნას გლობალიზაციასთან ოდნავადაც
დაპირისპირებული ბლოკები; კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს აშშ-ს საელჩოს გადაწყვეტილებები.
მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ პაკისტანის
პრემიერს, იმრან ხანს წყალი შეუდგა. მარტის დასაწყისში დასავლელმა დიპლომატებმა საერთო
წერილი გამოაქვეყნეს, რომლითაც პაკისტანს მოუწოდეს,
გაეროში რუსეთის წინააღმდეგ მიეცა ხმა. პაკისტანმა ეს არ გააკეთა. იმრან ხანის პასუხი
მტკიცე იყო: „თქვენ ვინ გგონივართ? თქვენი მონები?“. ამ - იქამდე გაუგონარი - პასუხის
შემდეგ არ დააყოვნა მეორე მოწოდებამ - ამჯერად პრივატულმა - რომლითაც
აშშ-მ პაკისტანელ დეპუტატებს პრემიერის მოშორება უკარნახა.
პარალელურად, ქვეყნის პარლამენტში დაიწყო პრემიერის
იმპიჩმენტის ტოლფასი პროცედურა. იმრან ხანი ამბობდა, რომ შეთქმულება უცხოეთიდან, ტელეფონით იმართებოდა
და რომ ისინი ვერ ეგუებოდნენ პრემიერს, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ატარებდა.
მან გაიხსენა ისიც, თუ როგორ არ დაუფასა აშშ-მ ავღანეთის ომში მონაწილეობა.
საბოლოოდ, 9 აპრილს იმრან ხანი თანამდებობიდან გადააყენეს. მან დაკარგა პარლამენტის მხარდაჭერა, მაგრამ, როგორც ჩანს, არა საკუთარი ხალხის.
პაკისტანის მსგავსად, ქართული ოცნების მმართველობისას
საქართველო არასდროს ყოფილა იმპერიალიზმთან დაპირისპირებული ქვეყნების რიგებში. თუმცა,
ბოლო წლებში, რიტორიკის დონეზე, დაძაბულობის ნიშნები გამოიკვეთა. ეს დაძაბულობა არ
მისულა იქამდე, რომ ელჩებს ღიად დაეყენებინოთ ეჭვქვეშ „ოცნების“ ლეგიტიმურობა. აღნიშნულის
მიუხედავად, დღეს გვაქვს პირდაპირი საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ დასავლეთი ღარიბაშვილის
მთავრობას არასანდო პარტნიორად აღიქვამს. შეიძლება, უკრაინის საკითხი ის ბოლო წვეთი
აღმოჩნდა, რამაც მოთმინების ფიალა აავსო. თუ ეს ასეა, აქ გადამწყვეტი უნდა იყოს ქართული
ოცნების არჩევანი, არ მიუერთდეს რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს.
ეს „სანქციები“ არ დაუწესებია არც გაეროს, არც
რომელიმე სხვა გაერთიანებას, რომელსაც აღსრულების მექანიზმი ექნებოდა. ისინი აშშ-სა
და მისი პარტნიორების მიერ ხშირად გამოყენებული ცალმხრივი მექანიზმია. ამრიგად, „სანქციების“
ეფექტურობისთვის რაც შეიძლება მეტი ქვეყნის კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო, რათა
მოწინააღმდეგე სახელმწიფო იზოლაციაში მოექცეს. 6 აპრილს აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პირდაპირ დაგვიმარცვლა: „ერთიანობა სანქციების აღსრულებაში
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ზეწოლის შესანარჩუნებლად. ეს არის ის, რაც სანქციებს
ასეთ ძლიერ იარაღად აქცევს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რომ სანქციების
რეჟიმი დარჩეს ძალიან მტკიცე, მჭიდრო ქსელად [...]“.
უფრო შორსაც შეიძლება წავიდეთ. და, ალბათ, უნდა
წავიდეთ კიდეც. თქმაც არ უნდა, რომ უკრაინის
გამალებით შეიარაღებისას დასავლეთის მოტივატორი არა ამ ქვეყნის „სუვერენიტეტის მხარდაჭერა“
ან „ადამიანის უფლებების დაცვა“, არამედ რუსეთის მაქსიმალურად დასუსტებაა. ამიტომ,
ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნა დასავლეთის პირდაპირ ინტერესებშია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაში დასავლეთი რისკავს არა მხოლოდ მილიარდობით დოლარს,
არამედ საკუთარი ეკონომიკების ჩამოშლას. ამგვარ სიტუაციაში საქართველო ჭადრაკის დაფაზე
ერთი უბრალო პაიკია.
ასეთ კონტექსტში ქვეყნდება Jobs.ge-ზე აშშ-ს მიერ დაფინანსებული ტრენინგი, რომელზეც
11-15 აპრილს ქართველი ახალგაზრდები მთავრობის გადაგდებაში უნდა გამოეწვრთნათ. თუმცა,
ახლახანს საინფორმაციო სააგენტო Kvira.ge-მ
გაავრცელა ინფორმაცია 6-8 აპრილს ბაკურიანში
ჩატარებული ტრენინგის შესახებ, რომელსაც Jobs.ge-ზე ნახსენები CANVAS-ის დამფუძნებელი, პიტერ აკერმანი უძღვებოდა.
ამბის გახმაურებას უკვე მოჰყვა ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის კომენტარები. შესაძლებელია, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ტრენინგი ნაადრევად ჩატარდა,
ან სხვადასხვა ღონისძიებებზეა საუბარი.
ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ,
თუ რა ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე. CANVAS-ი
2004 წელს სერბული ენჯეოს, OTPOR-ის
ბაზაზე აღმოცენდა. ამ უკანასკნელმა თავი 2000 წელს გამოიჩინა, როცა აქტიური წვლილი
შეიტანა იუგოსლავიის მემარცხენე პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის გადაგდებაში. მას
შემდეგ დასავლეთიდან დაფინანსებულმა OTPOR-მა
და CANVAS-მა 50-ზე მეტი ქვეყნის შიდა
საქმეში ჩაყვეს ცხვირი: ირანიდან დაწყებული, საქართველოთი გაგრძელებული, ვენესუელით დამთავრებული.
საინტერესოა, რომ Kvira.ge-ს ინფორმაციით, ბაკურიანის ტრენინგზე გიგა ბოკერიაც იმყოფებოდა. გამეორება ხომ ცოდნის დედაა. დაახლოებით 20 წლის წინ, ვარდების გადატრიალებამდე ცოტა ხნით ადრე, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი გიგა ბოკერია სერბეთში გაამგზავრეს და OTPOR-ში გადაამუშავეს. სამშობლოში დაბრუნებულმა ბოკერიამ აქტიური როლი ითამაშა „კმარას“ დაარსებაში.
სოროსის ფულით შექმნილი „კმარას“ მიზნების საილუსტრაციოდ
გამოდგება პუბლიკაცია შორეული 2003 წლიდან, რომელიც თანამედროვე „სამოქალაქო საზოგადოების“ კრედოებითაა სავსე.
ამ ბუკლეტში იმპერიალიზმის აგენტები „საზოგადოების გულისძახილის“ გამხმოვანებელ „ჩვეულებრივ
მოქალაქეებად“ ასაღებენ თავს და ითხოვენ: „კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიების
გაძლიერებას“, „თავისუფალი მეწარმეობის შემზღუდავი კანონების გაუქმებას“, „ლიბერალური
საგადასახადო კოდექსის მიღებას“ და სხვ.
თავად CANVAS-ის პუბლიკაციები მათ ვებგვერდზე შეგვიძლია ვნახოთ. მაგალითისთვის, ერთ-ერთი მათგანი „არაძალადობრივი“ რევოლუციის მოწყობის პირდაპირი სახელმძღვანელოა. მოსალოდნელია,
რომ „სირცხვილია“ და სხვა აქტივისტები ამ და მსგავსი წიგნების მანუალებს გაჰყვებიან.
პოტენციური ბენეფიციარების მიზიდვას USAID-ი ფეისბუქითაც ცდილობდა. იქ განცხადება გააზიარეს
სხვადასხვა კალიბრის ენჯეოშნიკებმა, მათ შორის იმპერიალიზმის სტაჟიანმა მსახურმა, ილიაუნის
ლექტორმა - გიორგი მელაძემ.
„ილიაუნის“ ლექტორის, გიორგი მელაძის ფეისბუქ გვერდი, 2022 წლის 25 მარტი |
გიორგი მელაძე „თავისუფლების ინსტიტუტთან“ დაკავშირებული პირია; 2008-2010 წლებში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორიც კი იყო. ვარდების
გადატრიალებისას ეს ენჯეო და „კმარა“ პრაქტიკულად ერთ სხეულად მოქმედებდნენ. „თავისუფლების
ინსტიტუტის“ მაშინდელ წევრებს შორის გვხვდებიან ხსენებული გიგა ბოკერია, გიგი უგულავა,
თეა თუთბერიძე და სხვა დამსახურებული აქტივისტები.
დღეს ენჯეოშნიკების ახალი თაობა დატკეპნილ გზაზე
მოძრაობს. მათ რიგებში არიან შოთა დიღმელაშვილი, სალომე ბარკერი და კიდევ ათასი ჯურის
კოლაბორაციონისტი, ზოგჯერ მემარცხენე ელფერითაც. მაგრამ მათ, ჯერ-ჯერობით, არ აღმოაჩნდათ
უნარი, საქმე ბოლომდე მიეყვანათ, შეექმნათ 20 წლის წინანდელის მსგავსი მუხტი. იქნებ, აქამდე იმპერიალიზმისთვის ამის საჭიროება არც არსებობდა. ასეა თუ ისე, ახლა იმპერიალიზმმა
საჭიროდ მიიჩნია აქტივისტების აღჭურვა ახალი უნარებით, მოძრაობისთვის მჭრელი პირის
ალესვა.
Jobs.ge-ზე ვკითხულობთ, რომ „კურსის დასრულების შემდეგ,
მონაწილეებს კონსულტაციებს გაუწევენ ექსპერტები.“ ეს იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, „სირცხვილია“ და სხვა აქტივისტები ხელსაყრელ დროს მოქმედებაზე გადავლენ, პროცესში კი პიტერ აკერმენის რჩევებს
მიიღებენ.
განსხვავებით წინა წლებისა, დღეს არსებობს საკითხი,
რომლის გარშემოც „აპოლიტიკური“ ადამიანების თანხმობა ლამის ტოტალურია. ამ თანხმობის
მწარმოებელი ყველგანმყოფელი უკრაინის დროშა გახდა. დაინტერესებული პირები ამ მდგომარეობის
გამოყენებას შეეცდებიან.