ჟან-ბერტნარ არისტიდი - განთავისუფლების თეოლოგიის წარმომადგენელი მღვდელი - ჰაიტის პრემიერ-მინისტრი იყო 1991, 1994-1996 და 2001-2004 წლებში. არნახული პოპულარობის გამო მას აშშ-ს მხარდაჭერით სახელმწიფო გადატრიალება ორჯერ მოუწყვეს. ქვემოთ მოყვანილია ერთ-ერთი ქვეთავი არისტიდის 2000 წელს გამოქვეყნებული წიგნიდან, “გულის თვალები”, სადაც ქვეყნის მეთაური გლობალიზაციას აკრიტიკებს.
***
მორგის თანამშრომელი რამდენიმე გვამს გასაწერად ამზადებს. ერთ-ერთი ცოცხალი ადამიანი თავს წამოწევს, მიმოიხედავს და იყვირებს: “მე მკვდარი არ ვარ!”. ამაზე მორგის თანამშრომელი მას პასუხობს: “არა, თქვენ მკვდარი ხართ. ექიმებმა თქვეს, რომ თქვენ გარდაიცვალეთ, ამიტომ გაუნძრევლად იწექით."
დღევანდელ მსოფლიო ბაზარზე კომპიუტერთა უსაზღვრო ქსელი ტრილიონობით დოლარს ატრიალებს. ამ ბაზარში არავინ ლაპარაკობს, არავინ არავის ეხება. აქ მხოლოდ ციფრები მნიშვნელობს.
და მაინც, ეს უსახო ეკონომიკა უკვე ხუთჯერ უფრო დიდია, ვიდრე ნამდვილი, გნებავთ - პროდუქტიული, ეკონომიკა.
აი, ჩვენ სხვანაირ ბაზარს უფრო ვიცნობთ. ჰაიტის მთებში, ერთ-ერთ დაბლობზე, ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი ირევა ერთმანეთში. ეს ბაზარი ჩემი ბავშვობის ბაზარია ზედ პორტ სალუტის თავზე. აქაურობა სავსეა სანახაობით, სურნელებით, ხმაურითა და ფერებით. ვის აღარ შეხვდებით აქ. ხოლო, თუ არ მოხვალთ, ბევრსაც დაკარგავთ. ათასობით ვირი ტყეშია დაბმული და ტვირთს ელოდება. საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან გასაყიდ ნაწარმს დაინახავთ: ხახვი, პრასი, სიმინდი, ლობიო, კარტოფილი, კომბოსტო, მანიოკი, ავოკადო, მანგო და ყველანაირი ტროპიკული ხილი, ქათმები, ღორები, თხები, ელემენტები და ჩოგბურთის ფეხსაცმელებიც კი. ხალხი ერთმანეთში ცვლის ნივთებსა და ახალ ამბებს. ირგვლივ საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ორომტრიალია. ქალი მუშტარს ეკეკლუცება: “ძვირფასო, ხახვი ისეთი მწიფეა და მხოლოდ შენ გელოდება.” მუშტარი იცინის და არშიყითვე პასუხობს. და ასე გრძელდება, სანამ ფასზე არ მორიგდებიან. ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ გასაყიდ ნივთებს, სიცილს, ჭორებს, პოლიტიკას, რჩევებს სამედიცინო თუ ბავშვთა მოვლის საკითხებზე.
ჩვენ ვაჭრობის წინააღმდეგნი როდი ვართ, გნებავთ, თავისუფალი ვაჭრობის, მაგრამ ის კი გვაშინებს, რომ მსოფლიო ბაზარი ჩვენს ბაზრებს ჩაყლაპვას უქადის. ასე თუ გაგრძელდა, ყველანი ქალაქებში აღმოვჩნდებით, სადაც შორეული ქვეყნების ქარხნულ ფერმებში დამზადებულ საკვებს შევჭამთ, რომლის ფასსაც მსოფლიო ბაზარზე ციფრების თამაში განსაზღვრავს. “ასე უფრო ეფექტიანია” - ამბობენ ეკონომისტები, - “თქვენი ბაზარი, თქვენებური ცხოვრება არ არის ეფექტიანი”. მაგრამ ჩვენ ვკითხულობთ: “რაღა დარჩება, თუკი ვაჭრობას ციფრებამდე დავიყვანთ, თუკი ყველაფერ ადამიანურს გავაქრობთ?”
გლობალიზაცია - მსოფლიოს ბაზართა შეკავშირება - გვპირდებოდა, რომ მისით ყველა იხეირებდა - მდიდარიც და ღარიბიც; რომ გართობის გლობალური კულტურა და სამომხმარებლო ნივთები ყველასთან მიაღწევდა; რომ მსოფლიოში მატერიალური ბედნიერება დაისადგურებდა. 1980 წლიდან მესამე სამყაროს ქვეყანათა უმრავლესობამ გლობალიზაციას კარი გაუღო. მათ საკუთარი ეკონომიკები გახსნეს, ტარიფები შეამცირეს, თავისუფალ ვაჭრობაზე გადაერთნენ და საშუალება მისცეს ინდუსტრიალიზებულ სახელმწიფოებში ნაწარმ პროდუქტებს, დაეტბორათ თავიანთი შიდა ბაზრები. თითქოს, მსოფლიო დაპატარავდა. სიმართლე კი ისაა, რომ მანძილი ცერა თითსა და ნეკს შორის არასოდეს ყოფილა ასეთი დიდი.
რა ემართებათ ღარიბ ქვეყნებს მაშინ, როცა თავისუფალ ვაჭრობაზე გადადიან? 1986 წელს ჰაიტიში ჩვენ იმპორტით შემოვიტანეთ მხოლოდ 7000 ტონა ბრინჯი - ყველაზე გავრცელებული საკვები ქვეყანაში. იმ პერიოდში ბრინჯის ლომის წილი ჰაიტიში მოგვყავდა. 1980-იანი წლების ბოლოს ჰაიტი საერთაშორისო კრედიტორების რჩევებს მიჰყვა და ბრინჯის იმპორტზე ტარიფები გააუქმა. მაშინვე ბაზარი დაიტბორა იმპორტირებული ბრინჯით, რომელიც მოყვანილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში - ქვეყანაში, სადაც ბრინჯის წარმოება სუბსიდირებულია. მეტიც, ჰაიტის ბაზრის ლიბერალიზაცია დაემთხვა აშშ-ში 1985 წელს “ფერმის კანონის” მიღებას, რითაც ბრინჯის ინდუსტრიის სუბსიდირება ისე გაიზარდა, რომ 1987 წელს ფერმერთა შემოსავლის 40% მთავრობიდან მოდიოდა. ჰაიტელმა გლეხებმა მათ კონკურენცია ვერ გაუწიეს. 1996 წლისთვის ჰაიტი 196 000 ტონა ბრინჯის იმპორტს ახორციელებდა საზღვარგარეთიდან, რაშიც წელიწადში 100 მილიონ დოლარს იხდიდა. ჰაიტური ბრინჯის წარმოება სულს ღაფავდა. როცა იმპორტზე დამოკიდებულება საბოლოოდ გაფორმდა, იმპორტირებული ბრინჯის ფასი გაიზარდა, რამაც ჰაიტის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალაქელი ღარიბების, გამოკვება მსოფლიო ბაზრის ნება-სურვილზე დატოვა. ფასები კი კვლავაც იზრდება.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ გამოცდილებით? ის, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის თავისუფალი ვაჭრობა არც მთლად თავისუფალია და არც მთლად სამართლიანი. ჰაიტიმ, საერთაშორისო კრედიტორთა არნახული ზეწოლის პირობებში, უარი თქვა საკუთარი სოფლის მეურნეობის დაცვაზე, მაშინ, როცა ამერიკული ბრინჯის ინდუსტრიის სუბსიდიები გაიზარდა. მშიერი ერი კიდევ უფრო დამშეული დარჩა.
გლობალიზებულ ეკონომიკაში უცხოური ინვესტიცია სიღარიბის დაძლევის პანაცეადაა წარმოდგენილი. სინამდვილეში კი, უცხოური ინვესტიციის მთავარი ბენეფიციარი 1985-86 წლებში ამერიკის შეერთებული შტატები იყო 477 მილიარდი დოლარით. მეორე ადგილზე გავიდა დიდი ბრიტანეთი 199 მილიარდით, შემდეგ კი მექსიკა - ერთადერთი ქვეყანა ათეულში მესამე სამყაროდან - მხოლოდ 44 მილიარდით. როცა ამ თანხის ძირითადი ნაწილი ქვეყნიდან ერთ ღამეში გაიტანეს მექსიკის 1995 წლის ფინანსური კრიზისისას, ჩვენ ვისწავლეთ, რომ უცხოური ინვესტიცია სულაც არ არის ინვესტიცია. ის უფრო სპეკულაციაა. რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, ჰაიტის, აქ ინვესტიციის შესახებ სტატისტიკის მოპოვებაც კი ჭირს. მაგრამ ჩვენ მაინც განვაგრძობთ სვლას ტანჯვიდან ღირსეული სიღარიბისკენ.
პირველ სამყაროში მცხოვრებ ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ განვითარებად ქვეყნებზე დახარჯული დახმარების ოდენობა უზარმაზარია. სინამდვილეში, თანხობრივად ის ინდუსტრიალიზებულ სახელმწიფოთა მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ) 0.03%-ს შეადგენს. 1995 წელს, აშშ-ს დახმარების სააგენტოს დირექტორმა კონგრესის წინაშე მიცემულ ჩვენებაში თავისი ორგანიზაციის დასაცავად განაცხადა, რომ დახმარებაზე დახარჯული ყოველი დოლარიდან 84 ცენტი უკან, აშშ-ს ეკონომიკაში მიდის ნივთებისა და მომსახურების შესყიდვის გზით. მსოფლიო ბანკში გადარიცხულ ყოველ დოლარზე ამერიკის შეერთებული შტატები თავის ეკონომიკაში დაახლოებით 2 დოლარს იღებს ნივთებისა და მომსახურების გაყიდვის სახით. ამ ფონზე, 1995 წელს ძლიერ გავალიანებულმა, დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვალისა და პროცენტის სახით ერთი მილიარდი დოლარით მეტი გადაუხადეს, ვიდრე მისგან მიიღეს. სუბსაჰარული აფრიკის 46 ქვეყნისთვის უცხოური ვალის მომსახურების საფასური ოთხჯერ აღემატებოდა მათი ჯანდაცვისა და განათლების სამთავრობო ბიუჯეტს 1996 წელს. როგორც ვხედავთ, დახმარება არ გვეხმარება.
ნეკა თითმა იცის, რომ მისი ტანჯვა ყოველდღიურად იმატებს, ამ დროს კი ცერა თითი მას ეუბნება, რომ მოგება იზრდება, ეკონომიკა ვითარდება და მის ქვეყანაში მილიონობით დოლარის დახმარება შემოდის. ვისი მოგება? ვისი ეკონომიკა? რა დახმარება? ნეკა თითისთვის გაუგებარია გლობალური კაპიტალიზმის ლოგიკა. ჩვენ მას ეკონომიკურ შიზოფრენიას ვეძახით.
1980-იან წლებში ჰაიტური კრეოლური ჯიშის ღორების განადგურება გლობალიზაციის კლასიკური იგავია. ჰაიტის პატარა, შავი, კრეოლური ღორები გლეხთა ეკონომიკის ქვაკუთხედი იყო. ჰაიტის კლიმატთან და პირობებთან კარგად შეგუებული ეს ძალზედ ჯანსაღი ჯიშის ღორები უბრალო ნარჩენებს ჭამდნენ და სამი დღე არც უჭმელობა კლავდათ. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 80-85%-ს შინ ღორები ჰყავდა. ისინი ნიადაგის განაყოფიერებაში დიდ როლს თამაშობდნენ და შავი დღისთვისაც პატრონებს მათი ეიმედებოდათ. ტრადიცულად, ჰაიტელები ღორს ყიდდნენ გადაუდებელი საჭიროებისას ან განსაკუთრებული შემთხვევებისას (გასვენება, ქორწილი, ნათლობა, ავადმყოფობა და, ხშირად, სკოლისა და წიგნების საფასური, როცა ყოველი წლის ოქტომბერში სწავლა იწყებოდა).
1982 წელს საერთაშორისო სააგენტოებმა ჰაიტელი გლეხები დაარწმუნეს, რომ მათი ღორები დაავადდნენ და ისინი უნდა მოეკლათ (რათა ავადმყოფობა ჩრდილოეთის ქვეყნებში არ გავრცელებულიყო). მათ დაჰპირდნენ, რომ სანაცვლოდ უკეთეს ღორებს დაურიგებდნენ. სულ რაღაც ცამეტ თვეში კრეოლური ღორების სრული ოდენობა გაჟლიტეს ისეთი ეფექტურობით, რაც მას შემდეგ განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებში არავის უნახავს.
ორი წლის თავზე აიოვას შტატიდან ახალი, უკეთესი ღორები ჩამოიყვანეს. ისინი იმდენად უკეთესები იყვნენ, რომ ესაჭიროებოდათ სუფთა სასმელი წყალი (რაც ხელმიუწვდომელი იყო ჰაიტის მოსახლეობის 80%-ისთვის), იმპორტირებული საკვები (რაც წელიწადში 90$ ჯდებოდა ქვეყანაში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით 130$ იყო) და სპეციალური, სახურავიანი საღორეები. ჰაიტელმა გლეხებმა მათ მალევე შეარქვეს “prince à quatre pieds” (ოთხფეხა უფლისწულები). ამას ისიც დაემატა, რომ ახალი ღორების ხორცი არც გემოთი გამოირჩეოდა. ასე და ამგვარად, ღორების ხელახალი განსახლების პროგრამა სრული კრახით დასრულდა. ერთმა დამკვირვებელმა გამოთვალა, რომ ფულის სახით ჰაიტელმა გლეხებმა დაახლოებით 600 მილიონი დოლარი დაკარგეს. შედეგად, სოფლად 30%-ით შემცირდა სკოლაში წამსვლელ ბავშვთა რიცხვი, ქვეყნის რეგიონებში მკვეთრად დაეცა ცილის მიღების მაჩვენებელი, გლეხური ეკონომიკა განადგურდა და ჰაიტის ნიადაგსა და სოფლის მეურნეობას ენით აღუწერელი ზიანი მიადგა. ჰაიტელი გლეხები დღემდე წელში ვერ გამართულან.
ჩვენი ქვეყნის სოფლების უმრავლესობა ჯერაც იზოლირებულია მსოფლიო ბაზრებისგან, ამიტომ ბევრი გლეხისთვის კრეოლური ღორების ამოხოცვა გლობალიზაციასთან პირველი შეხება იყო. ეს გამოცდილება ღრმადაა ჩაბეჭდილი კოლექტიურ მეხსიერებაში. დღეს, როცა გლეხებს ეუბნებიან, რომ “ეკონომიკური რეფორმა” და პრივატიზაცია მათ ახეირებს, გასაგებია, რომ ეს მათში ეჭვებს ბადებს. ჩვენ გვიცხადებენ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები დაავადდნენ და მათი პრივატიზება უნდა მოხდეს. გლეხები უარყოფის ნიშნად თავს აქნევენ და კრეოლურ ღორებს იხსენებენ.
1997 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წისქვილის გაყიდვამ გლეხთა ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა. წისქვილი სულ რაღაც 9 მილიონ დოლარად გაიყიდა; ეს მაშინ, როცა, სხვადასხვა გამოთვლებით, მისგან ყოველწლიური შესაძლო მოგება 20-30 მილიონი დოლარია. წისქვილი ჰაიტის უდიდეს ბანკებთან დაკავშირებულმა ინვესტორთა ჯგუფმა შეიძინა. ერთი რამ ცხადია: წისქვილის გაყიდვით სიმდიდრე ადამიანთა კიდევ უფრო ვიწრო ჯგუფის ხელში აღმოჩნდება; ეს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 1% ქვეყნის სიმდიდრის 45%-ს ფლობს.
თუკი კიდევ შემოგვრჩა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ადგილს უჩენს ღარიბ ქვეყნებს ეს “ახალი” ეკონომიკური წესრიგი, მსოფლიო ბანკს მოვუსმინოთ. 1996 წლის სექტემბერში, London Guardian-მა მოიყვანა ციტატა მსოფლიო ბანკის სტრატეგიული დოკუმენტიდან, რომელიც პროგნოზირებდა, რომ ჰაიტელ გლეხთა (მოსახლეობის 70%) უმრავლესობა, სავარაუდოდ, ვერ გადაიტანდა ბანკის მიერ შემოთავაზებული თავისუფალი ბაზრის მოდელზე გადასვლას. მსოფლიო ბანკმა დაასკვნა: “ვიწრო წარმოება და გარემოთი განპირობებული შეზღუდვები სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მხოლოდ ორ გზას დაუტოვებს: იმუშაონ წარმოების ან მომსახურების სფეროში, ან წავიდნენ ემიგრაციაში.” დღეისათვის წარმოების სფერო მხოლოდ 20 000 ჰაიტელს ასაქმებს. პორტ-ო-პრენსში უკვე ცხოვრობს დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი, მათი 70% კი ოფიციალურად უმუშევარია და, ალბათ, დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ჰაიტელი ხალხისა და ნავების ტრაგიკული ისტორიის გათვალისწინებით, მეორე ვარიანტი - ემიგრაცია - ნაკლებად შეიძლება მივიჩნიოთ რეალურ გამოსავლად.
გლობალიზაციის მიერ ღარიბებისთვის შეთავაზებული არჩევანი მე ერთ ამბავს მახსენებს. ანატოლი, ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც ჩვენთან, ბავშვთა თავშესაფარში [Lafanmi Selavi] ცხოვრობდა, პორტში მუშაობდა. ერთ დღესაც მას ძალზედ გავლენიანმა ბიზნესმენმა ფული შესთავაზა პორტის მთავარი ამწის დაზიანების სანაცვლოდ. ბავშვმა კაცს უთხრა: “გამოდის, რომ უკვე მომკვდარვარ და ეგ არის.” გაკვირვებულმა კაცმა ჰკითხა: “ამას რატომ ამბობ?” ანატოლიმ უპასუხა: “თუკი ღამით იქ შევიპარები და იმას გავაკეთებ, რასაც მთხოვთ, მესვრიან; ხოლო თუ არ გავაკეთებ, მაშინ თქვენ მომკლავთ.” ეს დილემა, ჩემი აზრით, ღარიბთა კლასიკური დილემაა: არჩევანი სიკვდილსა და სიკვდილს შორის. ჩვენ ან შევალთ გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში, სადაც უეჭველი განადგურება გველის, ან ამაზე უარს ვიტყვით და ნელი სიკვდილით ამოგვხდება სული. ამგვარი არჩევანის შემყურე არსებობს მესამე გზის პოვნის გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სივრცე მანევრირებისთვის; სულ მცირედი სივრცე, რათა, უბრალოდ, გადავრჩეთ. ჩვენ თავი უნდა ავწიოთ მორგის მაგიდიდან და ექსპერტებს ვუთხრათ, რომ ჯერაც ცოცხლები ვართ.